Kielet

ევროპის სამშვინველი – 2005-2018

რვა კონფერენცია 2005 – 2017 წლები:
ამსტერდამიდან კიევამდე. 2018 წელი თბილისი

2005 წელს ამსტერდამში გაჩნდა ინიციატივა – ჩატარებულიყო კონფერენცია ევროპის არსებაზე, მის სამშვინველზე, მის ამოცანებსა და პრობლემებზე. პირველი საკითხები ეხებოდა მოქალაქეებსა და პოლიტიკას შორის ურთიერთმიმართებას. თუმცა საკითხების სპექტრი სწრაფად ფართოვდებოდა, თავდაპირველად ჩატარების ადგილის შესაბამისად – კითხვები ასეთი იყო: რა შეფერილობას აძლევს მაგ. ჰოლანდიელი ერის სამშვინველი ევროპის სამშვინველს? ასევე: რა ელის ევროპის სამშვინველი ცენტრალური ევროპისგან ან ანთროპოსოფიისგან?

თუმცა 2007 წ. ბუდაპეშტში გამართული კონფერენციის შემდეგ წინა პლანზე წამოიწია კითხვამ: როგორ გაუმკლავდნენ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები1989-1991 წლების მკვეთრ ცვლილებებს? გამართლდა ის დიდი იმედები, რომლებიც ამ ცვლილებებს უკავშირდებოდა? რა განსაკუთრებული პრობლემები დარჩა იმის შედეგად, რომ საბჭოთა ეპოქის ძველ ჯგუფებს ეჭირათ ისევ ხელთ თავაშვებული კორუპციის სადავეები და ამავდროულად ზღვარდაუდებელმა ეკონომიკურმა ლიბერალიზმმა გამოიწვია დარღვევები, რომლებმაც მკვეთრი განსხვავება წარმოშვა მდიდარსა და ღარიბს შორის. განვითარება აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ძალიან განსხვავებულად წარიმართა. ცალკეულმა ქვეყნებმა სტაბილური ეკონომიკითა და ევროკავშირში თანმიმდევრული ინტეგრაციით თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებისკენ გააკეთეს ნახტომი, სხვები კი ჯერ კიდევ ეკონომიურად წინ ვერ მიიწევენ, რადგან ჯანსაღი ეკონომიური განვითარების წინაპირობების დანერგვას ვერ ახერხებენ.

ასე იმოგზაურა შემდეგმა ექვსმა კონფერენციამ პრაღიდან (2008) გდანსკის (2010), ბულგარული ვარნის (2014), რუმინული ტრანსილვანიის – სიმერიის (2015), ფინური ლაჰტის (2016) გავლით უკრაინაში კიევამდე (2017). ყოველ ჯერზე გოეთეანუმის სოციალურ მეცნიერებათა სექციისა და ადგილობრივი ანთროპოსოფიული საზოგადოების თანამშრომლობით დგებოდა ორიგინალური პროგრამა, რომელიც ქვეყნის განსაკუთრებულობას ერთიანი ევროპის ზოგად-ადამიანურ საკითხებთან აკავშირებდა.

ბუდაპეშტში, სადაც 1956 წელს მოსკოვის ბატონობისგან გათავისუფლების პირველი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, ნაბიჯი გადაიდგა იქითკენ, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ ადამიანები დასავლეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან. მართლაც, ამსტერდამში გამართულ პირველ კონფერენციაზე ცხადად გამოჩნდა, რომ ჭეშმარიტი ურთიერთგაგება ითხოვს ევროპის ამ სამი რეგიონის განსხვავებათა მკაფიოდ გაცნობიერებას. მნიშვნელოვანი იყო და დღესაც ასეთად რჩება რკინის ფარდის დაძლევა, რადგან მან არა მხოლოდ გეოგრაფიული საზღვარი წარმოქმნა, არამედ ღრმა უფსკრული გააჩინა აღმოსავლეთი და დასავლეთი ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებაში. ცენტრალურ ევროპას აქ განსაკუთრებული ამოცანა აქვს.

პრაღაში, პრაღის გაზაფხულიდან 40 წლის შემდეგ, ყურადღების ცენტრში მოექცა საზოგადოებრივი ფორმები, სადაც ადამიანურობის ასპექტმა წამოიწია წინა პლანზე. ამ თემამ მიგვიყვანა სოციალური ორგანიზმის სამწევროვნებამდე, რომელზეც გდანსკში – 1980 წლის სოლიდარობის მოძრაობის ცენტრში – გამახვილდა ყურადღება. და ყოველ კონფერენციაზე ახალი საკითხებით მივიწევდით წინ: შავი ზღვის პირას ვარნაში ჩვენი ბულგარელი მეგობრებმა ყურადღბა გაამახვილეს თრაკიელების, ბერძნების და შემდეგ ბოგუმილების ადრინდელ მისტერიულ ნაკადებზე, რომლებმაც ევროპის შექმნისთვის გარკვეული იმპულსები მოამზადეს.

2014-2015 წლებში ევროპაში მოხდა მოვლენები, რომელთაც მნიშვნელოვნად შეარყიეს უწყვეტი განვითარების რწმენა. მოულოდნელად რუსეთმა ყირიმი მოწყვიტა უკრაინას და თავად შეიერთა, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. ურიცხვი ადამიანი მიაწყდა აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპას. ამიტომ რუმინეთის ტრანსილვანიაში, სიმერიაში ჩვენი სამუშაო ამოცანა მშვიდობის ხელშემწყობი ძალების გაძლიერება იყო. მიზანი საბოლოო ანგარიშით მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ადამიანებმა შეძლონ სხვა წარმოშობის, სხვა რელიგიის, სხვა კულტურის ადამიანებისადმი გაგების განვითარება. 2016 წელს ფინეთში, ლაჰტიში გამართულ კონფერენციაზეც ძირითადი თემა კვლავ ადამიანებს შორის ურთიერთგაგება იყო, რომლის წინაპირობაც ადამიანად ყოფნის გაძლიერებული ცნობიერებაა. 2017 წელს კონფერენციამ კიევში კიდევ უფრო აღმოსავლეთით გადაინაცვლა. უძველესი, გამოქვაბულში აგებული მონასტრის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის გაქრისტიანების დასაწყისს უკავშირდება, განსაკუთრებულად შეხვდნენ ერთმანეთს აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასავლეთი ევროპა და კვლავ აქტუალური გახდა ამსტერდამში დასმული კითხვა: რა შეიძლება იყოს კონკრეტული, ამ შემთხვევაში უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წვლილი ევროპის განვითარებაში. ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა ინტენსიური საუბრები აღმოსავლეთის, ცენტრალური რეგიონისა და დასავლეთის მრავალმხრივი განსხვავებულობის შესახებ და იმის გაცნობიერება, რაც გვეხმარება „სხვის“ გაგებაში.

ახლა კონფერენცია მოგზაურობას აგრძელებს საქართველოში, თბილისში. 2018 წლის 9-12 ივლისს კვლავ საუბარი იქნება, ერთი მხრივ, ევროპის განვითარებაში სამყაროს ერთი ნაწილის წვლილზე, მეორე მხრივ კი ზოგად-ადამიანურ საკითხებზე, რაც არსებითად იგულისხმება ევროპის ცნებაში. ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება: ევროპა გეოგრაფიული ცნებაა თუ კულტურულ-სულიერი იდეალი?

საქართველო ხომ, მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ კიდევ პრეისტორიულ პერიოდში შეიტანა თავისი წვლილი ევროპული კულტურის განვითარებაში და ყველა ევროპულ ქვეყანაზე ადრე მიიღო ქრისტიანობა, ტრადიციული გაგებით თითქოს აღარ განეკუთვნება ევროპას. აქ კიდევ ერთხელ შეიძლება დაისვას კითხვა, თუ რას ნიშნავს გზა ევროპისკენ. როგორც ეს პრაღის მესამე კონფერენციიდან მოყოლებული ტრადიციად იქცა, უშუალოდ კონფერენციის წინ და მის შემდეგ საქართველოშიც იქნება შემოთავაზებული ექსკურსიები, რომლებიც ქვეყანასა და მის კულტურასთან პირველი შეხების საშუალებას მოგვცემს.

***

საბჭოთა ბატონობის პეიოდში, ბევრი ადამიანისთვის დიდი ხნის მანძილზე ევროპა რკინის ფარდით მთავრდებოდა. მის იქით რა იყო, არ იცოდნენ, ცნობიერებიდან იყო ამორეცხილი ევროპა, როგორც ჯერ ეკონომიური კავშირი, შემდეგ კი ევროპა, როგორც უფრო დიდი იდეა. ბერლინის კედლის დაცემასთან და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კატაკლიზმებთან ერთად ევროპის საზღვარმა ადამიანთა ცნობიერებაში შედარებით აღმოსავლეთისკენ გადაიწია და მოიცვა აგრეთვე ცენტრალურ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები ესტონეთიდან ბულგარეთამდე. ამან შედეგად მიგვიყვანა ევროკავშირის გაფართოებამდე. თუმცა ევროპა, როგორც სულიერ-მშვინვიერი ერთიანობა მოიცავს უკრაინას და რუსეთსაც ურალამდე. ხშირად იგნორირებულია ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებშიც მაფორმირებელი ელემენტები ღრმად ევროპულია. როგორც აჩრდილი, ისე გვიღობავს აქ გზას აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაციული პოლიტიკა. მაშინაც კი, თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ევროპის საზღვარი ურალთან გადის, გაუგებარია რატომ არის რთული ამ ქვეყნების, როგორც ევროპის სრულყოფილი ნაწილის აღქმა.

რუდოლფ შტაინერმა 1923 წლის 15 ივლისს წაიკითხა ლექცია, რომელიც ნათელს ჰფენს ამ საკითხს და რომელიც მარია შტაინერმა „ევროპის იმაგინაციის“ სახელით გამოაქვეყნა. რუდოლფ შტაინერი აქ აღწერს, თუ როგორ იყო აღმართული დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარი უხილავი კედელი ურალიდან ვოლგის, კავკასიისა და შავი ზღვის გავლით ხმელთაშუა ზღვამდე, რომელიც ამ სივრცის ჩამორჩენილ არიმანიზებულ სულებს აღმოსავლეთში აკავებდა, რათა მათ ევროპაში ვერ შეეღწიათ. ამის შედეგად ევროპამ, ამ ძალების მხრიდან ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე, შეძლო აზროვნების განვითარება განსაკუთრებით შუა საუკუნეებამდე. თუმცა, მოგვიანებით ეს კედელი დაინგრა და სატირების და ფავნების მსგავსმა არსებებმა დაიწყეს ძლიერი მოქმედება დასავლეთის წინააღმდეგ. ისინი შეუერთდნენ დასავლეთიდან მოსულ ლუციფერულ ძალებს, რომლებსაც აბსტრაქტული, მცდარი მატერიალისტური იდეები და იდეალები აღმოსავლეთიში გადაჰქონდათ.

აღმოსავლეთიდან ამ უთავო, მაგრამ ძლიერი ნების მქონე არსებებისა და დასავლელი განვითარებული თავის და ინტელექტის მატარებელი არსებების მგზნებარე კავშირის შედეგად წარმოიშვა ძალები, რომლებმაც აღმოსავლეთ ევროპაში ბოლშევიკური ექსპერიმენტი განახორციელა. 1989 წელს, 72 წლის, ე. ი. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გავლის შემდეგ, ბოლშევიზმმა სრულიად დაკარგა პირვანდელი იდეალისტური მუხტი. მაგრამ ის სოციალური პირობები, რომლებიც ამ ბნელი არსებების მიერ აღმოსავლეთ ევროპაში წარმატებით დამკვიდრდა, დღემდე გრძელდება. ეკონომიკურ ლიბერალიზმს, ცალკეული ადამიანისადმი ჭეშმარიტი მოწიწებისა და მისი ღირსების აღიარების პირობებში, რა თქმა უნდა შეეძლო ძმობის პრინციპით გამსჭვალული ეკონომიკის დაფუძნება. მაგრამ, ის რაც 1989 წლის შემდეგ დაიწყო მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, იყო ეკონომიკური ლიბერალიზმი. მან თეორიული ეკონომიკური თავისუფლება ანუ ლუციფერული დაუნდობელი ეგოიზმი, ოლიგარქიული რეჟიმი და კორუფციული სამთავრობო ჯგუფები, აქედან გამომდინარე კი არიმანული ძალაუფლების სტრუქტურები ჩამოაყალიბა. ზუსტად ასე უკავშირდებიან ნაციონალური იდეები ისტორიის მტვრით დაფარული სიღრმეებიდან ამოქექილ დაბალ ძალებს და წარმოქმნიან ნაციონალიზმს, შოვინიზმს, ქსენოფობიას – ფენომენებს, რომელთა მავნე ზემოქმედებასაც, განსაკუთრებით ბოლო წლებში, აღმოსავლეთი ევროპის ბევრ ქვეყანაში ვხედავთ. და რა არის ზოგიერთი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიათა სახელისუფლებო სტრუქტურებთან სიმბიოზი, თუ არა მაღალი, მაგრამ კორუმპირებული იდეალების არასწორი შერწყმა რეტროგრადული ძალების არაცნობიერ წარმონაქმნებთან.

ევროპა ერთიან მსოფლიო ორკესტრში თავისი ამოცანების ხელახალ პოვნასა და საკუთარი თავის დაკარგვას შორის არჩევანის წინაშეა. კონფერენციებს ციკლს „ევროპის სამშვინველი“ სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ მის მიერ სწორი გზის არჩევაში.

გადმობეჭდილია ყოველკვარტალური ჟურნალიდან STIL – გოეთეანიზმი ხელოვნებასა და მეცნიერებაში, გამოც. 1/2018

თარგმნა მანანა ჟავაშვილი